როდის შეიკრიბება სინოდი და დადგება თუ არა კიდევ ერთხელ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საკითხი დღის წესრიგში - განცხადებას თემაზე მეუფე გრიგოლი აკეთებს.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ამბობს, რომ სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა რატომ არ ჩაინიშნა შეკრება, მისთვის უცნობია.
მისივე განცხადებით, დღის წესრიგს კონკრეტული სასულიერო პირები არ ადგენენ.
"სინოდი წელიწადში სულ ცოტა ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ, ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო და რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით.
ვეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის საკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია.
სინოდი არის რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც მოცემულ დროში დიდი გავლენა აქვს. თუ რამდენად დიდია ეს გავლენა, ამას ჩვენ გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკითხვაც და რა თქმა უნდა, სინოდის სხდომაზე გაცემული პასუხებიც. ეს მეტყველებს რეალურ გავლენებზე," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.