18 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ის, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს უგულებელყოფს, დიდი პრობლემაა ქვეყნის განვითარებისთვის - ექსპერტები კონგრესმენის წერილზე

ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკულ წერილს, რომელიც რესპუბლიკელმა მარკუეინ მალინმა საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა, ექსპერტები ეხმაურებიან.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ბათუ ქუთელიას განმარტებით, ის, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს უგულებელყოფს ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის.

"ეს არის საგანგაშო, მიუხედავად შინაარსობრივი მხარისა, უკვე ფაქტია, რომ ამერიკის კონგრესში ჩვეულებრივი ამბავია საქართველოს მთავრობის კრიტიკა. ის, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს უგულებელყოფს, ის, რომ არღვევს დემოკრატიულობის ხარისხს, არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისა და ზოგადად, დემოკრატიული განვითარებისთვის.

მთავრობის მიერ დასპონსორებული ტროლების ქარხანა, პუტინის სტილში გაკეთებული პროპაგანდისტული მანქანა, ასევე - ამერიკულ კომპანიებზე შეტევა - ეს კონკრეტული ფაქტორებია, რომლებიც დაგროვდა ქართული ოცნების მმართვის 8-წლიან პერიოდში და ახლა უკვე გადავიდა პირდაპირ ღია პოლიტიკურ გზავნილებში. ეს ერთ ღამეში არ მომხდარა," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელის, ევროპული კვლევების დირექტორის გიორგი რუხაძის შეფასებით კი, მმართველი გუნდი "ცეცხლს ეთამაშება." მისივე განცხადებით, წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მიდის

"თავისი ტონითა და თავისი შინაარსით, ბევრად უფრო მკაცრია ეს წერილი, ვიდრე წინამორბედები. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ცეცხლს ეთამაშება. წერილში ნათლადაა ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ იმიტომ კი არ არის აღშფოთებული, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებს, აქ უკვე საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ ის გააგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რა გზაზეც მიდის, შედეგად მიიღებს ძალიან მკაცრს, სადამსჯელო ოპერაციას შეერთებული შტატების მხრიდან," - განაცხადა გიორგი რუხაძემ.   

დღის ამბები