18 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"ოცნების" უსუსურობაა, რომ რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, თავს უფლებას აძლევს ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს - ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა აშშ-ს კონგრესმენ მარკუეინ მალინის კრიტიკულ წერილში ნახსენებ კომპანია "ფრონტერაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხსენებული კომპანია ქვეყანაში საკმაოდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ნაცვლიშვილი კომპანიის მხრიდან ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზეც საუბრობს. 

"პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა ამ კონგრესმენის, მალინის განცხადება, არის ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანი. ვისაც რეალურად აინტერესებს რა ხდება "ფრონტერაში", შეუძლია ჩავიდეს დედოფლისწყაროში, მე-11 თვეა 11 თვის ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს. რომელიღაცა პოლიტიკოსი, ამერიკელი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც ძალიან ცუდია, რადგან ეს არის "ქართული ოცნების" უსუსურობა,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ მალინის განცხადება ხელისუფლებისთვის სახიფათო სიგნალია და მისი იგნორირება არ უნდა მოხდეს.

"ეს წერილიც ძალიან უარყოფითი სიგნალია სხვა ჩვენს ქვეყანაში საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის. ძალიან სამწუხაროა თავად ხელისუფლების პოზიცია, რომელიც როგორც ქართული საზოგადოების მიმართ ისე შეეჩვია ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან წამოსული კრიტიკის იგნორირებას, დაბრალებას, რომ ის არასწორ ინფორმაციას ემყარება და მცდელობას, რომ საზოგადოებას წარმოუდგინონ ისე, თითქოს ეს ადამიანები ცდებიან და რაღაც ჭორებს არიან აყოლილი,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესის წევრმა მარკუეინ მალინიმ საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილ საკუთარ წერილში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.

დღის ამბები