18 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლების ბოლო შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს  

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე კონსესუსის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დაჯდება. ოპოზიცია არ აპირებს მიიღოს მმართველი გუნდის შეთავაზება, რომელიც მანდატების განაწილებას 100/50-ზე პრინციპით გულისხმობს. ამ შემთხვევაში, მე-10 მოწვევის პარლამენტი დაკომპლექტდება 50 მაჟორიტარი დეპუტატით, სხვა ადგილები კი პროპორციული წესით განაწილდება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს მოდელი ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, მესამედზე ნაკლები მხარდაჭერის პირობებში უმრავლესობა მოიპოვოს. 

"100/50-ზე ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. ანუ, სამი კაციდან ერთზე ნაკლები რომ აძლევს პოლიტიკურ ძალას ხმას, იმ ძალას აქვს შანსი, რომ უმრავლესობა ჰქონდეს. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, დღევანდელი, ივანიშვილის სამარცხვინო ხელისუფლების გამოცდილებით, წარსული გამოცდილებით, მომავალი საფრთხის განცდით, რომ უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც ამცირებს ან გამორიცხავს შანსებს, რომ მეოთხედი მხარდაჭერით ამომრჩევლების, ან მესამედზე ნაკლებით ვინმეს ჰქონდეს უმრავლესობა,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანის, გედევან ფოფხაძის განმარტებით, შემოთავაზებული მოდელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ხელისუფლება საყოველთაო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"პრინციპული მიუღებლობა არ გვაქვს ამ მათემატიკის 50/100-ზე, მაგრამ გვაქვს ჩვენი აუცილებელი პირობა, რომ ამას ხმა მივცეთ, ეს არის საყოველთაო არჩევნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. საყოველთაო არჩევნები ნიშნავს იმას, რომ კანონის დონეზე ყველა ჩვენი მოქალაქე დავავალდებულოთ 1 დღე საქართველოსთვის გადადოს, მივიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა ნებისმიერ პარტიას, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ, ან გადახაზოს ნებისმიერი,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროპორციულ არცევნებს ოპოზიცია საზოგადოების დაკვეთით ითხოვს.

"მე მაინცდამაინც სერიოზულად არ ვიღებ ხოლმე "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომ ეს არის ბოლო შემოთავაზება, რო სხვა არაფერი არ იქნება. როგორც წესი, "ქართული ოცნების" ლიდერის სიტყვას მე ნამდვილად ვერ ვენდობი, ისევე, როგორც ალბათ ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ხოლო დანარჩენების სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტში, შეხვედრის შემდეგი რაუნდი უნდა შედგეს და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს - აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ რომელიმე პარტიას 1, 2 ან 3 დეპუტატით მეტი ეყოლება თუ არა, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საზოგადოება პროპორციულ არჩევნებს ელოდება,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები