სოფელ ჩორჩანაში სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. ამ დრომდე, არც ერთი ძალოვანი უწყება განმარტებას არ აკეთებს, თუ რატომ შეეზღუდათ ჟურნალისტებს სოფელში შესვლის უფლება. ბოლო წერტილი, სადამდეც მედიას მისვლა შეუძლია, ბროლოსანის საპოლიციო საგუშაგოა, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში სოფელი ჩორჩანა იწყება.
მიმდებარე სოფელში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ვითარება მშვიდია და რაიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
"რაღაც რომ იყოს, ჩვენც ხომ გავიგებდით? დაძაბულობა რამე, არაფერი არ არის“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
არის თუ არა სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყეში, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ხეებზე მონიშვნები დატანილი, ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წერილობით პასუხში წერია, რომ რაიმე კონკრეტულ განცხადებას ვერ გააკეთებენ.
"მისია პატრულირებს ჩორჩანაში ყოველდღე, თუმცა არ არის უფლებამოსილი, რაიმე კონკრეტულ ნიშანზე კომენტარი გააკეთოს," - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წერილობით პასუხში.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და რუსეთს მოუწოდებს, 2008 წელის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისებაზე საუბრობს.
დავით ქაცარავას მტკიცებით, რუსი ოკუპანტები ჩორჩანა პერევის მიმართულებით აპირებენ მიითვისონ ტერიტორია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.