ულტიმატუმი თუ შეთავაზება პოლიტიკურ ოპონენტებს - არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, უკვე მოჰყვა შეფასებები სამოქალაქო სექტორის მხრიდან.
არასამთავრობო ორგანიზაციებს და კონსტიტუციონალისტებს არ მოსწონთ კომუნიკაციის ის ფორმა და ტონი, რომელიც ხელისუფლებას მისივე მოწინააღმდეგეებთან აქვს.
"მმართველი პარტიის წარმომადგენლები გარკვეულწილად შანტაჟის რეჟიმში არიან. მათი შეთავაზებული ბოლო ვერსია, არსებითად არ განსხვავდება დღეს მოქმედი ვერსიისგან. როდესაც საუბარია შერეულ საარჩევნო სისტემაზე, პრობლემა სწორედ შერეული საარჩევნო სისტემაა და ის, თუ როგორ უთანასწორო შედეგს გვაძლევს არსებული შერეული სისტემა, ამიტომ მისი მოდიფიკაცია და რაოდენობის დაკლება, ბევრს არაფერს ნიშნავს.
საზოგადოების მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები. იმავე შერეული საარჩევნო სისტემის შეთავაზება, არის იმ ხაზის გაგრძელება ხელისუფლების მხრიდან, რომ საზოგადოების მოთხოვნებს და წუხილებს არ იაზრებს,"- აცხადებს სამართლიანი არჩევნების დირექტორი მიხეილ ბენიძე.
"დღეს არსებული საარჩევნო მოდელი, პრაქტიკულად არსებულ მმართველ პარტიას უტოვებს შანსს, რომ იყოს გამარჯვებული მაჟორიტარების ხარჯზე.
საიასათვის სწორი და მისაღები საარჩევნო მოდელი ამ რეალობაში იყო ნულოვანი ბარიერი და თუ ხელისუფლების გულწრფელი სურვილი იყო, მართლა სამართლიანი საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო, ნულოვანი ბარიერი იყო ყველაზე სწორი მოდელი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ტემპერატურა დრო და დრო იწევს და ყოველი მოლაპარაკებების შემდეგ ვიგებთ, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ გარდა იმისა, რომ გააგრძელონ დიალოგი,"- აცხადებს საიას დირექტორი სულხან სალაძე.
"ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯები გვაჩვენებს იმას, რომ მათი სურვილია 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს შერეული, დღეს არსებული მოდელით, იმიტომ, რომ ამ მოდელში ისინი ხედავენ ხელისუფლების შენარჩუნების გზას. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეთანხმება არ მოხდეს და შერეული მოდელი დარჩეს,"- აცხადებს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოყორაია.