მმართველმა ძალამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფის აუცილებლობაზე შეთანხმებას მიაღწია.
კონსულტაციები მთავრობაში უკვე დაწყებულია. გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება 1 თვის წინ კულტურის სფეროს წარმომადგენლების გასაჯაროებული ღია წერილი, რომლის მიხედვითაც ხელოვანები უწყებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ და კულტურის მიმართულების გამოყოფას ითხოვდნენ.
დასახელებულ პრობლემებს უწყების ხელმძღვანელის მოადგილე არ იზიარებს, თუმცა შესაძლო "გაყრას" მიესალმება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სავარაუდოდ თებერვლიდან კულტურის მიმართულება გამოეყოფა.
კულტურისა და განათლების სამინისტროების გამოყოფა საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს.
გიორგი გახარიამ დადგენილება უნდა გამოსცეს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. საკანონდებლო ორგანოში უკვე დიდი ხანია მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განათლებისა და კულტურის მიმართულებების გაერთიანებას აკრიტიკებენ.
განათლებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები თანხმდებიან, რომ ორი მიმართულების გამოყოფა აუცილებელია, თუმცა მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ კულტურას მეტი დაფინანსება ესაჭიროება.
"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციამ არაეფექტურად იმუშავა, თუმცა გამოყოფით ბიუჯეტისა და ბიუროკრატიის გაზრდა მოხდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ მიმართულებების გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უწყება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
2018 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა. ამ ფორმით რამდენიმე უწყების გაერთიანება მოხდა, რომელიც ბიუჯეტის დაზოგვასა და მცირე მთავრობის კონცეფციას ისახავდა მიზნად.