დაპირისპირება "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს შორის დღის 12 საათზე დაიწყო. ჩხუბი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან კარვის გადატანას მოჰყვა, რომელიც ადგილობრივებმა, გუშინ, პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვების მიზნით გაშალეს. სამართალდამცველებმა ინციდენტი მალევე განმუხტეს. მომხდარზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სამშენებლო კომპანიის ობიექტის დაცვის წევრები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ერთ-ერთი დაშავდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ბრალდებებს უარყოფს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი. გიორგი ბენაშვილი მომხდარს მოსახლეობის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.
ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ადგილზე ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მერიას მის შეჩერებას სთხოვს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მშენებლობა არ შეჩერდება. კახი კალაძემ ვარკეთილში მცხოვრებლებს დღეს კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ "ანას ბაღი" უფრო მასშტაბური და თანამედროვე მწვანე სივრცე გახდება.
მოსახლეობა კი პროტესტის შეწყვეტასა და საკუთრი მოთხოვნის შეცვლას არ აპირებს, ადგილობრივები კარავში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ.