რა მდგომარეობაა ციხეებში - ამ თემაზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს უსმენენ. მთავარი საკითხი სწორედ პენიტენციური სისტემაა. ოპოზიციის განცხადებით, ციხეებში მძიმე ვითარებაა, სახელისუფლებო გუნდი კი, ყურადღებას რეფორმაზე ამახვილებს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე იმყოფებიან.
სიტყვით გამოსვლისას ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა იმაზე, რომ სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში საუბრობდა რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა ძლიერდება.
ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით მისმა აპარატმა სათანადო მეთოდოლოგიით მოამზადა და გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიც არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა პატიმრებზე, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით ადამიანური რესურსის ნაკლებობა. ომბუდსმენმა ასევე ციხეებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.
"დაწესებულებებში არ არის ძალადობისაგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობაში. დადგინდა, რომ არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.
ნომერ მე-2 დაწესებულებაში, რომელიც დახურული ტიპის არის, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. "საერთოს", შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურადაც უსწორდებიან.
ნომერ მე-8 გლდანის დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მსჯავრდებულები, რომელთაც გარკვეული სახის გავლენები აქვთ პატიმრებზე და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაცია მათ იყენებს პატიმრებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.
თითოეული საკნის "საწევრო" გადასახადის ექვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ, პატიმრები სიგარეტს ყიდულობენ არა მაღაზიაში, არამედ ე.წ. მაყურებლებისგან.
მათი ახლობლები შესაბამის თანხას რიცხავენ ე.წ. მაყურებლების მიერ კონტროლირებულ საბანკო, ან სხვა სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე.
დაწესებულებაში ე.წ. საერთოში მონაწილეობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ზოგიერთი მსჯავრდებული შემოსავლის გათვალისწინებით, თვეში მხოლოდ 20 ლარის ღირებულების კონტრიბუციით შემოიფარგლება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საკნის კონტრიბუცია 300-400 ლარს შეადგენს.
პენიტენციალური სამსახურის მიმართ 2019 წლის განმავლობაში გაგზავნილი წერილების უმრავლესობაზე პასუხი დაგვიანებით, ან საერთოდ არ მიგვიღია, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა სხვადასხვა მონაცემების დამუშავებისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასების პროცესი," - აცხადებს ნინო ლომჯარია.