18 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს, მინისტრის გადასაწყვეტი არ არის - ომბუდსმენი წულუკიანს

ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა და უთხრა, რომ სახალხო დამცველი ვის შეხვდება, სად შევა და რა დროს, ეს არ არის იუსტიციის მინისტრის პრეროგატივა.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველმა უკეთ იცის ვის და როდის უნდა შეხვდეს.

"სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10 - წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს კი დაახლოებით 20 - წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს.

ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში, ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

დღის ამბები