18 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
უწიგნური, უვიცი და ბნელი - გიგა ბოკერია წულუკიანის გამოსვლაზე

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლა სპექტაკლს შეადარა. მისი თქმით, მთავრობის წევრმა ისიც კი არ იცის, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია, ხელისუფლების წევრების და პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა არ არის:

"ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ, რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის და არ გაუგია, არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში არ არის ზოგადად ხელისუფლების, ივანიშვილის და უფრო ფართოდ პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავ ჩვენს რეპუტაციასო" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის  შედეგებზე მომზადებული სპეციალური ანგარიში წარადგინა, რასაც შემდგომში ამ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის გამოსვლა მოჰყვა.

თეა წულუკიანმა თავისი გამოსვლისას ნინო ლომჯარია გააკრიტიკა იმისთვის, რომ მის ანგარიშში არ მოხვდა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების რთული სამუშაო პირობები, ასევე წულუკიანის თქმით, ლომჯარია ყველას ომბუდსმენი არაა, რადგან მას არასოდეს დაუცვია ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი, არც პოლიციელები და არც დეპუტატები.

დღის ამბები