საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმს დაესწრება, მანამდე კი სალომე ზურაბიშვილმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში, ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან გამართა შეხვედრა.
ზურაბიშვილს საზეიმო ღონისძიებით უმასპინძლეს უმსხვილესი ამერიკული ორგანიზაციის "სიონის მეგობართა" მუზეუმში, სადაც პრეზიდენტს უმაღლესი ჯილდო გადასცეს.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ფორუმზე საქართველოს წარმოვადგენ. ჩემთვის პრივილეგიაა ამ მშვენიერ ქალაქში, იერუსალიმში ყოფნა და დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ასეთი ცერემონიები აუცილებელიცაა, რა თქმა უნდა. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტი, რატომ არ სჯობს დავივიწყოთ ასეთი ტრაგედია და კაცობრიობის უბედურება, პასუხი მარტივია - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ეს ყველაფერი, რათ თავიდან ავიცილოთ ასეთი წარსულის განმეორება.
საქართველოში ანტისემიტიზმის არ არსებობა, თავისთავად სიამაყის მიზეზი არ შეიძლება იყოს, ისევე როგორც არ შეიძლება იამაყო, რომ არ ხარ კრიმინალი და ქურდი, მაგრამ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ სხვა რამით, ეს არის ამ კავშირების ხარისხი, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებობდა. საქართველოში არასოდეს იყო დაყოფა, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, იმის გათვალისწინებით, რომ ქრისტიანობა საქართველოში იდენტობის ნაწილი იყო მეოთხე საუკუნიდან, რელიგია არასდროს გვაცალკევებდა და გვყოფდა,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
"არაჩვეულებრივი კვირაა, ფორუმში 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათშორის მონარქები, ასევე 13 პრეზიდენტი, თუმცა დღეს ძალიან განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტი დავაჯილდოვეთ ისრაელის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. როდესაც დიპლომატებს ვუთხარი, რომ ის ფორუმში მონაწილეობას მიიღებდა, აღმოჩნდა რომ მის შესახებ ყველამ იცოდა. ისინი ამ არაჩვეულებრივი ადამიანის შესახებ მიყვებოდნენ, ამიტომ პატივია ჩვენთვის, მისი აქ ყოფნა,"- განაცხადა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "სიონის მეგობრების" დამფუძნებელმა, მაიკლ ევანსმა.