18 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ჰუმანიტარული პრობლემები, უსაფრთხოების საკითხი და გახშირებული პროვოკაციები - ლაშა დარსალია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გამწვავებული ვითარება განიხილა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ პროვოკაციებზე და საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ იმ ოჯახებზე, რომლებიც ჰუმანიტარული პრობლემის წინაშე დგანან.

2020 წლის 22 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. 

მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გამწვავებული ვითარება.

ლაშა დარსალიამ ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში ადგილზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. პოსტების აღმართვაზე. 
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რაც გასული წლის სექტემბერში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ და თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია.  

შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე.

დღის ამბები