ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 4 კონგრესმენის წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, წერილები, რომლებითაც ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მთავრობას მიმართავენ საგანგაშოა და შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეეშალოს.
"ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ამ წერილში საგანგაშოა, რადგან ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს არჩევნებზე ეს ხელისუფლება შეიცვალოს," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, მმართველ გუნდს კონგრესმენების მწვავე გზავნილებზე არაადეკვატური რეაქცია აქვს.
"ის, რასაც "ქართული ოცნება" ქვეყნის შიგნით სჩადის - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღება, საზოგადოებაზე ძალადობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის ჩაშლა, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან შეუმჩნეველი არ რჩება. ძალიან არაადეკვატურია "ქართული ოცნების" რეაქცია ამ უმწვავეს კრიტიკაზე," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის facebook გვერდზე განთავსდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი