ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები პენსიონერები გადასასვლელების გახსნის მოლოდინში - არაოფიციალური ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა პირობა გასცა, რომ დღეს საკუთარი პენსიის ასაღებად მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოუშვებდა.
5 თვიანი იზოლაციის შემდეგ, დღეს გადასასვლელების გახსნას ელოდებიან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე დუმს და არც გადასასვლელები გაუხსნიათ.
ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ამ დრომდე არ არის გახსნილი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა საზღვარი 2-3 საათში გაიხსნას.
ამასთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან ე.წ. საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტი იმედგაცრუება აქვთ.
"მე ვთხოვ ყველას, რომ ასეთი ინფორმაცია არ გავავრცელოთ, რადგან ეს ადამიანები კიდევ უფრო ისტრესებიან და მოლოდინები აქვთ, რომელიც შემდგომ არ უსრულდებათ. მიმდინარეობს მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება,"- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.