რა ხარვეზებია უზენაეს სასამართლოში - ამ საკითხზე კვლევას ორი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და არჩევის პროცესზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ დღეს არსებული სისტემა არ არის საიმედო.
"დღეს არსებული სისტემა ბოლომდე ვერ აზღვევს ერთი კონკრეტული ჯგუფის ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობ სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფას,"- განაცხადა სულხან სალაძემ.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სასამართლოს სიის დაკომპლექტების წესში, არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს.
"დაკომპლექტების წესი არის უამრავი ხარვეზით. ამიტომ, ეს შესაცვლელია, განსაკუთრებით იმ 6 მოსამართლის შერჩევის შემთხვევაში, რომელიც ჯერ არ აურჩევიათ და ახლა შესაძლებელია ამის გათვალისწინება,"- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უზენაეს სასამართლოში არჩეულ მოსამართლეების მიმართ ნდობა არ აქვს.
"მთავარია, ვინ ახორციელებს და ვინ ახდენს ამ კანონების იმპლემენტაციას და როგორი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას. ამ ადამიანების მიმართ კი, ვინც ახლა იღებს მონაწილეობას, საზოგადოებას ნდობა სრულიად არ აქვს,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა