იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში ვიდეოს გასაჯაროების ფაქტით კანონი დაირღვა - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ისაუბრა. სულხან სალაძის თქმით, ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს, კადრების გავრცელების კანონიერება შეისწავლოს.
"ჩვენ მივმართეთ არა მარტო, სახალხო დამცველის თანამშრომლის მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან, არამედ ყველა იმ ვიდეოკადრებზე, რომელიც გავრცელდა. მათ შორის, სასჯელაღსრულების თანამშრომლების მონაწილეობით გადაღებული კადრები. ამიტომაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კადრების გავრცელებით დაირღვა კანონი და ვთხოვთ სახელმწიფო ინსპექტორს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ამ კადრების გავრცელების კანონიერება," - განაცხადა სულხან სალაძემ.
თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა დაიწყო. უწყებამ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერად მოხდა ჩანაწერის გამოქვეყნება.
თეა წულუკიანმა 2 დღის წინ საკომიტეტო განხილვაზე სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრები წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთ ციხეში პატიმართან შეხვედრა იყო ასახული.