18 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში ფინანსთა მინისტრს იბარებს

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში ფინანსთა მინისტრს იბარებს. ვანო მაჭავარიანს დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა რამდენიმე საკითხზე მოუწევს. მათ შორისაა ტელევიზიების დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, 100 მილიონი ლარის ღირებულების ყალბი აქტივების საქმე და აზარტული თამაშების რეგულირების საკითხი.

საკანონმდებლო ორგანოში მისვლას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს რეგლამენტი ისედაც ავალდებულებს. ფინანსთა მინისტრს დეპუტატები თებერვლის თვეში ელოდებიან.

"ფინანსთა მინისტრს ჩვენ ვთხოვთ საკომიტეტო მოსმენაზე წარდგენას 3 საკითხთან დაკავშირებით. პირველი ეხება ჩვენს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტელევიზიების სახელმწიფო დავალიანებასთან დაკავშირებით, აზარტული თამაშების სარეკლამო რეგულაციებთან დაკავშირებით. გვაინტერესებს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია და ასევე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უაღრესად აინტერესებს 100 მილიონამდე ლარის ყალბი აქტივის საკითხი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ხშირად არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც არის პოლიტიკური სარჩულის მატარებელი და პოპულისტური.

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს და არ არსებობს კითხვა, რომელზეც არ გვქონდეს პასუხი. ხშირად არსებობს ისეთი კითხვები, რომელიც შეიცავს პოლიტიკურ სარჩულს და უფრო მეტად პოლიტიკური ინტერესის გამტარებელი და პოპულისტური არის, ვიდრე კვალიფიციური შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენი პასუხები ყოველთვის კვალიფიციურია," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები