"ფაქტობრივად, შოლტს შოლტზე იღებს ყოველდღიურად "ქართული ოცნება"- ასე გამოეხმაურა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გაიგზავნა. ვაშაძის მოსაზრებით, ამერიკის შეერთებული შტატები ხვდება, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორი არის არა ოპოზიცია, არამედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება.
"ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად, შოლტი-შოლტზე, რომელსაც იღებს ყოველდღიურად "ქართული ოცნება" და არა საქართველო. "ქართული ოცნების" ხელისუფლება და პირადად ივანიშვილი, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე. ვეღარ ატყუებენ ვერც ერთი განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს, ვეღარ მოატყუებენ. აქამდე ხომ ატყუებდნენ და უფრო მთავარიც, აქამდე ისინი ყიდდნენ ერთ რამეს მხოლოდ - რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც თანხმდება ერთ რამეზე - დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ივანიშვილი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook გვერდზე გუშინ, 22 იანვარს, განთავსდა.
ამასთან, კონგრესმენების წერილს ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი