თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში მშენებარე სასტუმრო "ბუდაპეშტთან" დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ვიცე-მერის განცხადებით, თბილისის მერია არ დაუშვებს რეკრეაციულ ზონაში, ვაკის პარკში, სასტუმროს მშენებლობას. მისივე განცხადებით, ამ დრომდე მიმდინარეობს კომპანიასთან მოლაპარაკებები ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით.
"ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე: ფაქტი, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ დღეს, არ არის სწორი და მესამე - მოლაპარაკებები დასრულდა ცუდად, ესეც არ არის სწორი და ნაადრევი იყო მათი განცხადება.
სადაც უნდათ, იქ იდავონ. რას აპირებენ ახლა, ჯერ სასამართლოდან ბოლომდე გამოსულები არ არიან, ნებართვა არ აუღიათ. თუ არბიტრაჟში უნდათ წასვლა, წავიდნენ. ჩვენ არ ვთვლით, რომ რამე ზარალი გვაქვს ვინმეზე ასანაზღაურებელი. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით. ნუ გვემუქრება ნურავინ არბიტრაჟით იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.