"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შედეგი ორი პუნქტით გაუარესდა. კვლევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო აქვეყნებს. 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, საქართველო 44-ე ადგილზე გადავიდა. შედეგებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიცია ელიტურ კორუფციაზე აკეთებს აქცენტს, განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს:
"გუშინ ჩამოვქვეითდით დემოკრატიის ინდექსით, დღეს კორუფციის ინდექსით, ერთიც და მეორეც დაკავშირებულია ერთმანეთთან. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური რისკები, ხელისუფლება არ იცვლება სამართლიანი არჩევნების გზით, რომ ხელისუფლება მიტაცებულია კლანისა და გარკვეული ადამიანების მიერ. კორუფციული ინდექსის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყნის დოვლათი მიითვისება ერთი მუჭა კლანის მიერ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველო უკუსვლას განიცდის საერთაშორისო რეიტინგში და იშვიათი გახდა წინსვლა:
"ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებშიც გვაქვს სერიოზული უკუსვლა და ხშირად არ გვაქვს საერთოს წინსვლა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ. ეს ეხება როგორც კორუფციის აღქმას, ასევე დემოკრატიის ხარისხს, ეს ისედაც საგრძნობია ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეებისთვის,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მმართველი გუნდის წევრს რატი იონათამიშვილს კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ანგარიშები მოჰყავს:
"ჩვენი სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ბოლოდროინდელ ანგარიშებს გავეცნობით, ამ შემთხვევაში ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს საქმიანობა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.