კონგრესმენების კრიტიკული წერილის შემდეგ საქართველოს მთავრობას მაიკლ კარპენტერიც აფრთხილებს. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს. ეს ორპარტიული გაფრთხილებაა ნეგატიური ტენდენციების შესახებ," - ნათქვამია კარპენტერის განცხადებაში.
2020 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარება, ძველი საქმეების გამოძიება, ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიზირება და შემცირებული ინვესტიციები - ეს კონგრესმენების წერილის მთავარი გზავნილებია. მიმართვას 4 ავტორი ჰყავს, დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების გზავნილებს სპეციალური განცხადებებითა და ბრიფინგებით გამოეხმაურნენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში.
საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ორპარტიული წერილი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს შეცვლის. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გზავნილები უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზეც. მმართველი გუნდის ყოფილი წევრები კი ყოფილ თანამოაზრეებს კრიტიკაზე რეაგირების ტონს უწუნებენ.
კრიტიკული შენიშვნების ადრესატები კონგრესმენებთან კომუნიკაციის პრობლემასა და ფაქტობრივ უზუსტობებზე მიუთითებენ, რასაც უმრავლესობის განმარტებით, შეერთებულ შტატებში ხელისუფლების წარმომადგენლების დაგეგმილი ვიზიტები გამოასწორებს.
კონგრესმენების გზავნილების მსგავსი კრიტიკა ისმოდა ორი დღის წინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზეც. ორმა ევროპარლამენტარმა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა, სოციალურ ქსელში დღეს განსხვავებული შინაარსის განცხადებები გაავრცელა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი