18 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმისგან მოტყუებული პენსიონერები - ახალგორელების ტყვეობა გრძელდება

ანა წიკლაურს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები შვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს, ის  უკვე თითქმის 5 თვეა შვილთან შეხვედრას უშედეგოდ ელოდება. მიზეზი ახალგორის ჩაკეტვასთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებაა.

ოკუპანტების მიერ მართული რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევას ამ დრომდე განაგრძობს და ამასთან, პერიოდულად, მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმის თანახმად, ახალგორელების ტყვეობა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ჩორჩანაში მდებარე საგუშაგოს დემონტაჟს არ განახორციელებს. ამის გამო კი ასეულობით ადამიანის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ახალგორში მცხოვრები პენსიონერები ტყვეობას ვერც დღეს გადაურჩნენ. მათი ნაწილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის აღებას დილის 7 საათიდან ელოდებოდა, თუმცა უშედეგოდ. დაპირების შესრულებას ელოდებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. ისინი ე.წ. გამშვებ-პუნქტთან მთელი დღის განმავლობაში პატრულირებდნენ. ახალგორის გამგებელი კი დილიდანვე ამბობდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დაპირებას არ შეასრულებდა.

საოკუპაციო რეჟიმს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელის თქმით, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

იმას,  რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მდგომარეობა საგანგაშოა, არც ე.წ სამხრეთ ოსეთის მედია უარყოფს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცხინვალში გრიპის ვირუსის შემთხვევები გაორმაგდა. დე ფაქტო ხელისუფლება კი პრობლემას ე.წ.  "მაზის" მოდელის ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს უპირისპირებს.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები