კონგრესმენების გზავნილს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი.
ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებაზე, მმართველი გუნდის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არაადეკვატურია.
"თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკელებს, ევროკავშირსა და ევროპელებს უნდა მოვუსმინოთ, გავიზიაროთ მათი წინადადებები და შესაბამისად, უნდა მივყვეთ იმ რეგულაციებსა და სამოქმედო გეგმებს, რომელიც ქვეყანას ამ ვითარებიდან გამოიყვანს.
ყველა ის შემთხვევა, რომელიც ეხება რჩევას ამერიკის მხრიდან, პირველ რიგში ხელისუფლებას და მათ შორის ყველას, მოსმენის კულტურა უნდა ჰქონდეს და შემდგომ გავითვალისწინოთ მათი წინადადებები," - განაცხადა საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პროექტი ახალ პარტნიორებთან ერთად შედგეს.
"ვალდებულებების გადავადება არაერთხელ მოხდა იმისათვის, რომ ინვესტორს შეძლებოდა აღებული ვალდებულებების შესრულება და ამის აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ეს დაკავშირებული იყო ინვესტორების შემოყვანასთან და ფინანსების მობილიზებასთან, რაც სამწუხაროდ ვერ მოხდა. თუმცა, ეს ფაქტი სახელმწიფოსთვის პროექტის პრიორიტეტულობას არ ცვლის და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პროექტი ახალ პარტნიორებთან ერთად შედგეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
კონგრესმენების გზავნილზე და მის შინაარსზე, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკ ქაუგლიც საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტი მისთვისაც მნიშვნელოვანია და ამბობს, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.
ამასთან, მაიკლ ქაუგლი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციას, მმართველ გუნდსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, კონსესუსი შედგება.