საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციური დაწესებულებაში მისი ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნინო ლომჯარიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია კანონი, რაც ვიზიტის კონფიდენციალობის შენახვას ეხება და იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ნინო ლომჯარია მოუწოდებს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ, პროკურატურისგან კი გამოძიების დაწყებას მოითხოვს:
"იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, ადგილი აქვს სახალხო დამცველზე ზემოქმედებისა და ხელშეშლის მცდელობას. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იუსტიციის მინისტრი საკუთარი პირადი, თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, დანაშაულებრივ ქმედებებში რთავს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დაიწყონ დაუყოვნებლივ გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლის და ზემოქმედების ფაქტზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამაში არის ჩარეული იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი და მისი მითითების შედეგად ხორციელდებოდა ჩემ მიმართ უკანონო თვალთვალი.
თვალთვალს ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ჩემ მიერ უწყების დატოვებიდან 5 წუთში," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი