დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, რომლის ეპიცენტრიც ჩინეთის ქალაქ უხანშია, ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული ზომები მიიღო, კერძოდ, შეხვედრა გაიმართა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებთან და კონკრეტული მითითებები მიეცათ, ასევე ეპიდემიოლოგები შეხვდებიან საქართველოში მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს და გაესაუბრებიან კორონავირუსთან დაკავშირებით რა ზომები უნდა იქნეს მიღებული. საქართველოს აეროპორტებში დაიდგმება საინფორმაციო ბანერებიც.
საქართველო ამ დროისთვის, კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაში რჩება.
"ჩინელები დღეს საქართველოში რამდენიმე დიდ ობიექტზე მუშაობენ, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი, რამდენიმე ჰესი. იქნება ვიზიტები ჩვენი ეპიდემიოლოგების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, სადაც ისინი პრევენციულ ღონისძიებებზე ესაუბრებიან ამ ადამიანებს. მზადდება და დღეს თუ არა ხვალ, აეროპორტებში იქნება დიდი ბანერები, როგორც შემოსასვლელ, ისე გასასვლელ გაფრენის ზონებში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.