თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან შესაძლოა რყევები ისევ განმეორდეს.
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 500-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, დარტყმები ამ დრომდე გრძელდება.
გაზრდილი რისკების მიუხედავად, "კურიერი" უკვე მეორე დღეა ეპიცენტრში იმყოფება. სტიქიის ზონაში შეზღუდულია მედიის გადაადგილებაც. მთავრობა მათ მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და არ გადაკვეთონ სპეციალურად მონიშნული ხაზი.
ტრაგედიის ადგილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები არიან ჩასული, თუმცა სპეციალური აკრედიტაციით მათ მუშაობა მხოლოდ იმ ტერიტორიიდან შეუძლიათ, რომელიც უსაფრთხო ზონაა და სპეციალურად მათთვის არის გამოყოფილი.
ქალაქი ელაზიკი ერთ-ერთია, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ნანგრევებში მოსახლეობის ნაწილს ზუსტად 39 საათია უწყვეტად ეძებენ.
ოფიციალური პირები, რომლებიც ერდოღანის პარტიას წარმოადგენენ, მედიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ ნანგრევებში ერთი პირია ნაპოვნი, მაშველებს ნანგრევებიდან ესმით ხმა და ცდილობენ დაშავებული პირი ცოცხლად ამოიყვანონ.
ის ადამიანები კი, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.