18 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
უნდა ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში - ანალიტიკოსები პუტინის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე სამინისტროს გაუქმებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე სამინისტრო გააუქმა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტს მღელვარება მოჰყვა. ოკუპანტების მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო რეჟიმები კრემლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოფიციალურ მოსკოვთან კომუნიკაციის ახალი გზების ძიებაში არიან.

დე ფაქტო რეჟიმები შეშფოთებულები არიან მიმდინარე პროცესებით, რადგან დაწყებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლისთვისაც ფინანსური სახსრებია საჭირო. დე ფაქტო რეჟიმის მოთხოვნაა, გაირკვეს იმ ადამიანის ვინაობა, რომელთანაც მათ საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია შეეძლებათ.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, ქართველი ექსპერტები სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ.

ქართველი ანალიტიკოსები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, ყურადღება გაამახვილონ როგორც კრემლში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

"ამ ეტაპზე რუსეთი შეცვლის გარკვეულ პოლიტიკურ მიდგომებს, რადგან ძველმა მიდგომებმა არ გაამართლა. ჯერ არ ჩანს სრული კონტურები, თუ რას აკეთებს რუსეთი ამ კონსტიტუციის ცვლილებით. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში," - აღნიშნა ექსპერტთა კლუბის წევრმა ირაკლი ცქიტიშვილმა.

"ერთი მხრივ გარკვეული საკადრო ცვლილებები არის ფაქტი და ეს ცვლილებები საერთო ჯამში არანაირ საფუძველს არ იძლევა იმისა, რომ დადებითად შეიცვლება რამე საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გააანალიზოს ის ძვრები, რაც ხდება," -  განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ.

 

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები