18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ბექა დავითულიანის ინფორმაციით, ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით "ოცნების" დეპუტატებიც დაიკითხნენ

თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, საკრებულოში 24 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებიც დაიკითხნენ. 

"ჩემი ინფორმაციით, გუშინ დაბარებული იყო ამ ინციდენტში მონაწილე უმრავლესობის ყველა დეპუტატი, მათ შორის ირაკლი ზარქუაც, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი უმიზეზოდ დაესხა თავს. კახა კალაძე არის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოში, არაფერ შუაში არ არის საერთოდ ევროსაბჭო ამ ფაქტთან. ამ ფაქტთან შუაში არიან სამართალდამცველები და ისინი გასცემენ პასუხს. სამწუხარო ინციდენტია, რა თქმა უნდა, ძალადობა სიტყვიერიც და ფიზიკურიც, მიუღებელია,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, საკრებულოში 24 იანვრის ინციდენტისას ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატები არ დაუკითხავთ. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობის" 4 წევრი "ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს.

"ვფიქრობთ, რომ ამ ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, ხელს უწყობს, გეგმავს, ორგანიზებას უწევს და შემდგომში უბიძგებს "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებს, რომ იგივე გააკეთონ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს.  ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დღის ამბები