თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
ტყემალაძის განმარტებით ძალადობა მიუღებელია. საკრებულოს თავმჯდომარე მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"მინდა, რომ ორივე მხარეს მოვუწოდო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ, როგორც ფიზიკური დაპირისპირებისგან, ასევე პირადი შეურაცხყოფისგან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გადავიდეთ საქმიან ჭრილში და მშვიდ გარემოში გავაგრძელოთ მუშაობა.
სამართალდამცველმა ორგანოებმა ძალიან ოპერატიულად გააკეთეს განცხადება, რომ გამოძიება დაიწყო. შესაბამისად ორივე მხარე არის გამოკითხული და შემდგომ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს შესაბამისი უწყება," - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.