18 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
პროტესტი რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - ქართულმა დელეგაციამ რუსეთის დელეგაციისთვის ნდობის გამოცხადება გააპროტესტა

პროტესტი რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - ქართული დელეგაციის წევრებმა უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საბჭოში რუსეთის დელეგაციისთვის ნდობის გამოცხადება გააპროტესტეს.

ამ ფორმით მათ, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს კრემლის პოლიტიკა და რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვეს. სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მანუელის ზინგერისიმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო წესების დარღვევით აგრძელებს მოქმედებას.

"გასარკვევია რუსეთის დელეგაციის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების საკითხი. როგორც იცით რუსეთი საერთაშორისო წესების დარღვევით აგრძელებს მოქმედებას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. გთხოვთ ეს საკითხი გადაიხედოს," - აცხადებს მანუელის ზინგერისი.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ბალტიელ კოლეგებთან და აღმოსავლეთ ევროპელებთან შეთანხმებით იყო მიღებული.

"დღეს გვქონდა შესაძლებლობა, პროცედურულად, კიდევ ერთხელ გაგვეპროტესტებინა და გვებრძოლა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ეს იყო შეთანხმებული ფორმატი, ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები ჩვენს ბალტიელ კოლეგებთან, აღმოსავლეთ ევროპელებთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდებოდა გაპროტესტება და შესაბამისად, ეს იყო ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეთანხმებული და მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს მთელმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა ამ პროტესტში," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაზე და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მესიჯის გაჟღერება, რომელიც არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან და იმ მოქმედებებთან, რომელსაც ეს ქვეყანა ახორციელებს. საუბარია რა თქმა უნდა პირველ რიგში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაზე, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ჩვენ გვინდა ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ავიმაღლოთ ხმა და ამას ემსახურებოდა სწორედ ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა დღევანდელ სხდომაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები