არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსს ხელისუფლება სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას კოდექსის რეფორმირების ინიციატივით მიმართავენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გიორგი გვილავამ ყურადღება, მისივე შეფასებით სასამართლოში საქმეების განხილვის უსამართლო პრაქტიკაზე გაამახვილა, როდესაც განაჩენის გამოტანა მხოლოდ სამართალდამცავთა ჩვენებების საფუძველზე ხდება.
"სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსი, რომელშიც არცერთი მინიმალური გარანტია ადამიანისთვის არ არის გათვალისწინებული და ამ კოდექსს ძალიან ცუდად იყენებენ ხელისუფლებები. ბოლო პერიოდში განვითარდა ტენდენცია, როდესაც ადმინისტრაციული დაკავებები პირდაპირ გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. გარდა ამისა, სასამართლოში გვაქვს პროცესი, როდესაც აბსოლუტურად არათანმიმდევრული, მხოლოდ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებების გამო ადამიანებს ან აჯარიმებენ, ან პატიმრობაში უშვებენ. დღევანდელი დისკუსიის მიზანიც ეს არის, რომ განვიხილოთ, რა გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით,"- აღნიშნა გიორგი გვილავამ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილემ ნანა ქურდოვანიძემ ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, როგორ იყენებს აღნიშნულ კოდექსს მთავრობა სხვადასხვა აქციების დროს პროტესტის ჩასახშობად.
"20-21 ივნისის მოვლენების დროს ვნახეთ, რომ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. წინა წლებშიც შეგვიძლია გავიხსენოთ ასეთი მასშტაბური მოვლენები, როდესაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგა იმიტომ, რომ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობას იყენებდა როგორც ინსტრუმენტს, რომ ეს უფლება შეეზღუდა. ეს არის ნამდვილად ის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დროული მოგვარება და ჩვენი აზრით, ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმა," - განაცხადა ნანა ქურდოვანიძემ.