ქვეყნის მასშტაბით ჩინეთის მოქალაქეების შემოწმება ისევ აქტიურად მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეებს პირადად ხვდებიან და სთხოვენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ.
უკვე შემოწმებულია ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის სამუშაო პუნქტების დიდი ნაწილი, ასევე სხვადასხვა ობიექტი. დღეს დილიდან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები თბილისშიც გამოჩნდნენ.
"ჩვენი მიზანი იყო გაგვევრცელებინა საინფორმაციო მასალა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციით შემუშავდა, აღნიშნული მასალა დაბეჭდილია სამ ენაზე - ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. ჩვენი მიზანია მოსახლეობა გაეცნოს ამ მასალებს და თუ ექნებათ ხველა ან შესაბამისი გრიპის სიმპტომები, მიმართონ ინფექციური პათოლოგიის ცენტრს," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ირმა ბურჯანაძემ.
კამპანიის ფარგლებში, მედიკოსები შემოწმების მიზნით ჩინურ კომპანია "ჰუალინგ ჯგუფშიც" იმყოფებოდნენ. მათ კომპანიის წარმომადგენლებს გარკვეული რეკომენდაციები გაუზიარეს. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მათთან ჩინეთის მოქალაქე 35 ადამიანია დასაქმებული. მათგან რამდენიმე საახალწლოდ დაბრუნდა ჩინეთში და მათი ჩამოსვლა საქართველოში ამ მდგომარეობის გამო არ იგეგმება.
"ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი ჩინეთში ჩინურ ახალ წლამდე გაემგზავრა. ამ ეტაპზე ისინი კვლავ ჩინეთში იმყოფებიან და რა თქმა უნდა პატივს სცემენ ჩინეთის სახელმწიფოს ნებისმიერ განკარგულებას ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ ჩამოსვლას არ ველოდებით, მეტიც, ვზღუდავთ კიდეც მათ გადაადგილებას. ასევე, კომპანიის შიგნით ყველა შესაძლო უსაფრთხოების და ჯანდაცვის ზომებს ვიღებთ და მუდმივ კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან," - განაცხადა "ჰუალინგ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თათია სიორიძემ.
ამასთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ გამოკითხვის შედეგად მათ გაარკვიეს, რომ რეგიონიდან, საიდანაც ინფექცია გავრცელდა, საქართველოში არავინ ჩამოსულა.
"გამოკითხვით გავარკვიეთ, რომ აღნიშნული რეგიონი, საიდანაც ეს ინფექცია მოდის არავინ შემოსულა. შესაბამისი სიმპტომებით არცერთ საავადმყოფოში და არცერთ ექიმთან მიმართვიანობა არ ყოფილა," - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თემურ ზაქარიშვილმა.