არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას - მესამე სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები დაუბრუნდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფორმატს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და პარლამენტში დაუყონებლივ წარადგინოს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
მიმართვას 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს და არგუმენტად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, დასახელებულია ის კრიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებისგან დაიმსახურა.
"ვხედავთ, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული უკან სვლა გვაქვს. ასევე პოლარიზაცია იზრდება საზოგადოებაში და კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხი, რომელიც წლის დასასრულისთვის არის დანიშნული.
შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ მომენტისთვის პირველ გამოსავლად ვხედავთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა.
"ქვეყანაში პოლარიზაციის დაწევას და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს პროპორციულ არჩევნებზე დაუყონებლივ გადასვლა. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ აქვს ეს პასუხისმგებლობა.
ხელისუფლებმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა შესთავაზოს გამოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი და ქვეყნის რეპუტაცია გამოასწოროს და ჩვენ თავიდან ავირიდოთ ის შეფასებები, რომელსაც ბოლო პერიოდია ვისმენთ და სამწუხაროდ ამ შეფასებებში უკვე გაჩნდა მინიშნებები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით," - აღნიშნა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
"მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნება, ამიტომაც ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები და პირველ რიგში მმართველი პარტია დაუბრუნდეს იმ წერტილს, სადაც რამდენიმე თვის წინ, აქტიურად განიხილებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები," - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი