"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიების შეწყვეტა ამ საქმესთან დაკავშირებულ ეჭვებს კიდევ უფრო გაამძაფრებს.
სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის დასკვნამ გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახი შეურაცხყო.
"მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით და მხარდაჭერით, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. ამიტომ, გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ჩვენ ვნახეთ, ვფიქრობ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს და, დარწმუნებული ვარ, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახი არის ღრმად შეურაცხყოფილი იმ დასკვნით, რაც დადო დღეს პროკურატურამ,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ დადასტურდა და პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.
პროკურატურამ არ გაიზიარა გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის არცერთი ბრალდება და დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით განხორციელდა გასროლა. საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოძიება ირწმუნება, რომ ხელყუმბარა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ამ პროცესს კი ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე დაადასტურა.
ავტორი: დავით ცაგარელი