18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ წნეხი შენარჩუნდეს - ქართული დელეგაციის წევრები რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრები კომიტეტის სხდომებს დაესწრნენ. რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მწვავე საუბარი მოჰყვა.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს 10 მილიონი ევრო, რომელიც ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" რუსეთის ფედერაციას დააკისრა, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო. ასევე დღესვე უნდა განიხილონ საპროცედურო კომიტეტში საკითხი, რომელზე მსჯელობაც გუშინ დაიწყო, საუბარია იმაზე, რომ რუსეთის წარმომადგენლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეუწყდეს უფლებამოსილება, ამას საქართველოს დელეგაციის გარდა კიდევ 4 დელეგაცია უჭერს მხარს.

"არ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ინიციატივა ამ სესიაზე წარმატებული აღმოჩნდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს წნეხი შენარჩუნდეს. შემდეგ სესიაზეც და იმის შემდეგაც ეს თემა ყოველთვის იქნება, ინიციატივები ყოველთვის დადგება და რაც მთავარია, კრიტიკული განწყობა არ შესუსტდება,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

"ქართული ოცნების" წევრის სოფო კილაძის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხში, ყველა კონვენცია და სამართლებრივი ინსტრუმენტი საქართველოს მხარეზეა:

"რუსებს, რა თქმა უნდა, ქონდათ მწვავე პოზიცია, ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ისინი ყველაფერს შეეცდებიან, რომ ეს საქმე არ მოხვდეს ანგარიშში, ამ შემთხვევაში კონვენციაც და ყველა შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტიც ჩვენ მხარეზეა. მთავარია ვიყოთ აქტიურები და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეების საკითხი, რომლებიც იქნენ გამოდეპორტებული რუსეთიდან ეს იყოს ყურადღების ცენტრში," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები