18 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"მორიგ ჯერზე, სამწუხაროდ, პროკურატურამ იმედი გაგვიცრუა" - ანა დოლიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი დანაშაულის დაფარვისთვის საქმის მთავარი მტკიცებულებები გაანადგურა.

"ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, როდესაც ჩაატარა პირველადი და ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. თავად ამოიღო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და მოგვიანებით, ეს მტკიცებულებები გაანადგურა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, მათ შორის, სროლის განმახორციელებელი პირი, პროკურატურამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამოკითხა," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა.

გამოძიების ფარგლებში ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ანა დოლიძე ამბობს, რომ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებამ უწყების რეპუტაცია კიდევ უფრო დაბლა დაწია.

"იმის მაგივრად, რომ პროკურატურამ, რაც არის მაგის მოვალეობა, რომ გამოძიების ფარგლებში მსგავს კითხვის ნიშნებს უპასუხოს, ფაქტობრივად, საქმე დახურა. მორიგ ჯერზე, სამწუხაროდ, პროკურატურამ იმედი გაგვიცრუა და საკუთარი რეპუტაცია კიდევ უფრო იმის ქვევით დააგდო, რაც აქამდე იყო," - განაცხადა ანა დოლიძემ.

პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

"გავიგეთ, რომ ჩატარდა გამოძიება, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ამ ანალიზის შედეგად იქნა გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს არის მისასალმებელი, რომ შეკითხვებზე საგამოძიებო უწყების მხრიდან პასუხი გაუცემელი არ დარჩა. არ შეიძლება, ადამიანი რომელიც იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, ის გამოაცხადო ქვეყნის მტრად," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პროკურატურამ მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება გუშინ შეწყვიტა.

დღის ამბები