18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ე.წ ამბოხებული მაჟორიტარების განმარტებით, პროპორციული სისტემის მხარდაჭერით კომპრომისზე წავიდნენ, რამაც არ გაამართლა

მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ე.წ ამბოხებული მაჟორიტარები, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობის გადაწყვეტილებას თავიდანვე აპროტესტებდნენ, განმარტავენ, რომ ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, გუნდის შიგნით კომპრომისზე წავიდნენ. 

თუმცა შემდეგ ნახეს, რომ ეს ყველაფერი სიტუაციის განმუხტვას არ ემსახურებოდა და სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი ქვეყნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 

"პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა და გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნებოდა თუ 2020 წლის არჩევნებზე ქვეყანა სრულად გადავიდოდა პროპორციულ სისტემაზე. მას შემდეგ, რაც კანონი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ჩავარდა, კიდევ უფრო გამოჩნდა მთელი რიგი რისკები ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის მზად იმისათვის, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მოახერხონ კოალიციის შექმნა და ეს რისკი საკმაოდ მაღალია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრმა, ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. 

"ქართული ოცნების" წევრის და ერთ-ერთი ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, კომპრომისმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ არ გაამართლა. 

"ჩემი კომპრომისული დამოკიდებულება, რომ დავთანხმდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, იყო პირობადადებული. მთავარი პირობა იყო ის, რომ უნდა დამშვიდებულიყო ქუჩა, ოპოზიციური სპექტრი და ქვეყანა არ უნდა გადასულიყო ქაოსში.

მაგრამ ამ კომპრომისმა არ გაამართლა. ოპოზიციამ ყველა მიმართულებით განახორციელა შტურმი, ამან კი კიდევ ერთხელ გამიმყარა ეჭვი, რომ პროპორციული სისტემა საფრთხის შემცველი იქნებოდა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დღის ამბები