18 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"გამოსვლა, რომ ჩვენ დავარღვევთ კანონს, რათა შემოვუშვათ ლავროვი, არის სავალალო მდგომარეობა" - ოპოზიცია პრეზიდენტის განცხადებაზე

ოპოზიციის შეფასებები სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე საკმაოდ მკაცრია, ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, თუ ხელისუფლება გავრილოვის ვიზიტს დათანხმდება, ეს  მხოლოდ კანონის დარღვევის ხარჯზე მოხდება.

"ეს არის განსაკუთრებული შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების და ხაზგასმა იმისა, რომ გავრილოვს და ზოგადად რუსეთს პრობლემა არ აქვს ჩვენს ხელისუფლებასთან. ეს არის გარდა შეურაცხყოფისა კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ორიენტაციისა, რაც ძაან ღიად ხდება უკვე ჩვენს ქვეყანაში. ლავროვის ვიზიტი, რომლითაც გვემუქრება ხელისუფლება, გვემუქრება კანონების დარღვევის ხარჯზე. გამოსვლაც, რომ ჩვენ დავარღვევთ კანონს, რათა შემოვუშვათ ლავროვი, არის სავალალო მდგომარეობა. პირდაპირ პროვოკაციას უწყობს ივანიშვილი საზოგადოებას," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება და სალომე ზურაბიშვილი საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარებას ცდილობენ.

"გავრილოვი გამოხატავს აღფრთოვანებას, რომ ხელისუფლება და სალომე ზურაბიშვილი ატარებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში. ივანიშვილმა ვერანაირი გაკვეთილი ვერ მიიღო 20ივნისის ღამეს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მეზობელი ქვეყნისგან აღიარება უხარია.

"სალომე ზურაბიშვილმა იმიტომ გააკეთა ეს განცხადება, რომ მეზობელი ქვეყნებისგან ტაში მოესმინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ორი დღეა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა რუსი დეპუტატებისთვის პოზიტიური გზავნილების საბაბია. ამჯერად საქართველოს პრეზიდენტს სერგეი გავრილოვი ეხმაურება.

"ზურაბიშვილის სიტყვები ეპოქალური ცვლილებების დასაწყისია, საქართველო პასუხისმგებლიან სახელმწიფოდ ყალიბდება. პრეზიდენტის სიტყვები იმის ნიშანია, რომ თბილისი ვალდებულებების შესრულებას იწყებს"- წერს დუმის კომუნისტი დეპუტატი.

გავრილოვის განცხადებით, უკვე გამოჩნდა, რომ საქართველო რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად მზად არის და თუ ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან თბილისში გამოემგზავრონ.

დღის ამბები