18 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
​ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ ციხეში გაუშვებს - მდინარაძე სენატორების წერილზე

ამერიკელი სენატორების კრიტიკულ წერილს ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, წერილში საუბარია რამდენიმე ისეთ ფაქტზე, რაც საერთოდ არ მომხდარა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის წევრებს ციხეში გაშვებით არ დამუქრებია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო ორმხრივმა ურთიერთობებმა იზარალოს.

"ბუნებაში არ არსებობს ის რამდენიმე ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ კრიტიკას საფუძვლად დაედო. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ ციხეში გაუშვებს. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომელიც სხვა რამეზე იყო მიმართული.

თემები, რაზეც არის საუბარი, უფრო გაირკვევა ჩვენი ვიზიტის შემდეგ, რომელიც არის დაგეგმილი უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი პოზიცია, ვინც დღეს კრიტიკით გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის ცოტა ხნის წინანდელ პოზიციას, რომელიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ახლა სენატორები მიმართავენ. კრიტიკასთან ერთად წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ - თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა, რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

დღის ამბები