ორი ამერიკელი სენატორის წერილს ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
ოპოზიციის შეფასებით, ეს შტატების საკანონმდებლო ორგანოდან პრემიერის სახელზე გამოგზავნილი წერილების სერიიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია.
"ესეც "ფრონტერასთან" არის დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ?! როდესაც პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე და "დაპადიეზდებაზე", არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ, ესეც "ფრონტერა" არის?!
გამოვლენ და კიდე რაღაცა ზღაპრებს მოიგონებენ, იმის მაგივრად რომ გააცნობიერონ იმ უფსრკულის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებენ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, გზავნილები მიანიშნებს, რომ აუცილებელია ქვეყანამ პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღოს.
"აღწერა სიტუაციის, რომელიც მოცემულია სენატორების წერილში, სხვა არაფერია თუ არა მიტაცებული სახელწიფოს სურათი. იმისთვის, რომ ქვეყანამ სტაბილურად და მშვიდად შეძლოს განვითარება და სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლა, ეს არის სამართლიანი, პროპორციული არჩევნები," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად სენატორები მიმართავენ. კრიტიკასთან ერთად, წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ. თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.
გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.
წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა, დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა, რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.