საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.
ოფიციალური ინფორმაციით, არ დადასტურდა ინფორმაცია არც მცირეწლოვანთან და არც ჩინეთის იმ ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ.
პაატა იმნაძე იმ ადამიანებს, ვინც ჩინეთი ორი კვირის მანძილზე დატოვა და ტემპერატურა დაუფიქსირდა, რეკომენდაციებს აძლევს.
"ვინც ჩინეთში იმოგზაურა, 2 კვირის მანძილზე დატოვა ის ქვეყანა და ამის შემდეგ განუვითარდა ხველა და მაღალი ტემპერატურა, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გასასვლელთან ჩინეთიდან მომავალ მგზავრებს ხვდებიან და დისტანციურად ხელის სკანერით სინჯავენ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
რისკებისა და მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა კი აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ე.წ რეაგირების სიტუაციების ოთახი მოეწყო.
"ცენტრში ამ პერიოდის განმავლობაში მოეწყო ე.წ რეაგირების სიტუაციების ოთახი, ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და სწრაფი რეაგირების ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი სივრციდან მართონ სიტუაცია," - აღნიშნა რისკებისა და მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანი კასრაძემ.