18 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
აირჩევს თუ არა პარლამენტის მოქმედი შემადგენლობა უზენაესი სასამართლოს კიდევ 6 მოსამართლეს - დეპუტატები სამუშაო ჯგუფს ქმნიან

გასული წლის დეკემბერის ბოლოს შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატთან დაკავშირებით პროცედურული საკითხები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უნდა გაიარონ. ამ მიზეზით, დეპუტატები სამუშაო ჯგუფს ქმნიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დამატებითი კონსულტაციების შედეგად გაირკვევა, დაიწყება კომიტეტში კანდიდატების მოსმენა, თუ მათი შერჩევა შემდეგი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

"სამუშაო ჯგუფს ვქმნით იმისთვის, რომ დამატებით წარმოდგენილ 6 კანდიდატთან მიმართებაში მოხდეს მათი საბუთების შემოწმება შესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით. დაიწყება თუ არა ამ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ამასთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა და არის ერთი პოზიცია, რომ ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტში არ ავირჩევთ დამატებით უზენაესის მოსამართლეებს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გვექნება. არც არჩევა, არც არ არჩევა, არაფრის დარღვევა არ არის,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ე.წ კლანის კოორდინირებულ მოქმედებაზე საუბრობენ.

"ამ პოლიტიკური ძალის ნდობა არ შეიძლება. მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა, შეიძლება ისეთ პანიკაში იყოს ეს ძალა, რომ გადაწყვიტოს, რომ კიდევ მეტი ხალხი დანიშნოს უზენაეს სასამართლოში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ უკეთესი, მაგრამ უნდა ვემზადებოდეთ და ვიბრძოლოთ უარესის საწინააღმდეგოდ,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

"ყველამ გაიგო, ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორმა და გულშემატკივარმა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე. პრობლემა სწორედ ის არის, რომ საქართველოს პარლამენტი არ ითვალისწინებს იმ რეალობას და იმ მწვავე პრობლემებს, რომელიც დღეს არის სასამართლო სისტემაში. სისტემას მართავს "კლანი". "კლანის" ინტერესები, როგორც ჩანს, რიგ შემთხვევებში ემთხვევა ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს და შესაბამისად იღებენ ისინი სხვადასხვა გადაწყვეტილებებს,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები