ახალი კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაცია ჩინეთს მიმართავს და ურჩევს გამოიძიოს ვირუსის გავრცელების მიზეზები, სრული ინფორმაცია გაასაჯაროოს ინფიცირებულებთან დაკავშირებით. ასევე განაგრძოს აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ადამიანების უმკაცრესად შემოწმება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჟენევაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გავრცელებულ ეპიდაფეთქებას საპასუხო ზომების მიღება სჭირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით საგანგაშოა ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.
"კორონავირუსის გავრცელების გამო ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ ვაცხადებთ. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მხოლოდ ჩინეთში მიმდინარე მოვლენები არ არის, ამის მიზეზი ასევე სხვა ქვეყნების ვითარებაცაა. ვშიშობთ, რომ ვირუსი არ გავრცელდეს სხვა უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში, რადგან მათ ეპიდემიასთან გამკლავება შეიძლება ვერ მოახერხონ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სჯერა, რომ ჩინეთს ვირუსის გაკონტროლების უნარი შესწევს," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა, ტედროს ადანომ ჟერბეიესუსიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს, გარდაცვლილთა რაოდენობა და ინფექციის გავრცელების მასშტაბები კი იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 213 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 10 ათასს აღწევს. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების ორი ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალმა კორონავირუსმა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში შეაღწია. იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა. ვირუსი ორ ჩინელ ტურისტს აღმოაჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი ფაქტი დაფიქსირდა.
"შტატებში რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. ამის მიუხედავად არაფერია საგანგაშო. ჩინეთთან აქტიურად ვმუშაობთ. ეს ვირუსი ახალია და დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამჟამად შტატებში მინიმალურ დონეზეა ეს საფრთხე დაყვანილი. იგივეს ვუსურვებ სხვა ქვეყნებსაც," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ეპიდაფეთქება კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამითაა გამოწვეული. ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გარეთ 18 ქვეყანაში და უკვე ევროპაშიც დაფიქსირდა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ჩინეთიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ჩინეთის რამდენიმე ქალაქში კი 50 მილიონი მოქალაქისთვის კარანტინია გამოცხადებული.