თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" წევრების კორუმპირებულობაზე საუბრობს. ხაბეიშვილის თქმით, ის პირები, რომლებიც მის მიმართ ძალადობაში იყვნენ ჩართულნი, საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს მიწებს უკანონოდ ჩუქნიდნენ.
"მათ პირადად ვამხელ ხოლმე კორუფციაში და მათ შორის ადამიანები, რომლებიც დაპირისპირებაში, ანუ ჯგუფურ ძალადობაში, დაგეგმილში და ლაჩრულ მოპარვაში იყვნენ ჩართულები, არიან ჩვეულებრივი კორუმპირებულები. მათზე გავასაჯაროვე დოკუმენტაცია, ისეთებიც, როგორიცაა, მაგალითად, საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახის წევრებს და ფარცხალაძე-საბანაძეს მიწებს როგორ ჩუქნიან,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. თარაშ შურღაია ადასტურებს, რომ ინციდენტის შემდეგ დაკითხეს, თუმცა დამატებით დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს.