თბილისში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეცვალეს აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც ჩხოროწყუში საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, დანაშაულში 2 პირი მონაწილეობდა და მათგან დაკავებული მხოლოდ ერთია.
აქტივისტებმა შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ნაგვის ურნა მიიტანეს. ურნაზე იმ პირის ფოტო მიაკრეს, რომელიც მათი თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა. აქტივისტები ნაგვის ურნის მიტანას პირდაპირ ოფისის კართან გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პატრულის თანამშრომლებმა არ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძეც.
"აქ ვინც არიან, ყველანი არიან პოლიტიკურად ნაგვები და იმსახურებენ ნაგვის ურნაში ჩაჯდომას," - აცხადებდნენ აქტივისტები.
"ეს სისტემა, რომელიც ძალადობს, არის დასაგმობი, ეს "ქართული ოცნება" არის მოძალადე და მოძალადე სისტემას უნდა ვუთხრათ, რომ ის არის დასრულებული. იმიტომაა დასრულებული, რომ ძალადობის გარდა სხვა გზა აღარ აქვს," - განაცხადა მოძრაობა შეცვალეს აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა ოფისის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტის გიორგი კუპატაძის განცხადებით, ეს აქცია იქნება კიდევ ერთი გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, ის ან შეწყვეტს ქვეყნის რუსული სისტემით მართვას, ან მკაფიო პასუხს მიიღებს მოტყუებული და განრისხებული საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.
ჩხოროწყუში "შეცვალეს" აქტივისტებს თავს გუშინ დაესხნენ. შსს-მ ამ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, თუმცა შეცვალეს წევრების თქმით, თავდასხმაში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა რომელიც ამ დრომდე არაა დაკავებული.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე