18 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების რისკი კვლავ მინიმალურია

მედიკოსები ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 4 მოქალაქიდან ​ორი მათგანის შესახებ კორონავირუსზე კვლევის საბოლოო პასუხს ნიდერლანდებიდან დღეს ელოდებიან.

"ჩვენთან კორონავირუსის შემოტანისა და შემდგომი გავრცელების რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან დაბალი.

მიუხედავად ამისა, მზადება რა თქმა უნდა გრძელდება, დღეს იმ ადამიანების ლაბორატორიული კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, რომელთაც სინჯები აუღეს კორონავირიუსზე კვლევისათვის. მსოფლიო მასშტაბით კი ვირუსის ინტენსიური მატება ფიქსირდება. სულ რეგისტრირებულია 20 ათასზე მეტი შემთხვევა, ძირითადი ნაწილი კი ჩინეთში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა. 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით კი, გუშინ მათ ჩინეთიდან ჩამოსული ერთი პაციენტი დაემატათ, რომლის მდგომარეობა მძიმე თავიდანვე არ ყოფილა. 

"გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში 31-ში ჩამოვიდა. მისი ზოგადი მდგომარეობა მძიმე ნამდვილად არ იყო. ტემპერატურა 37.4 გრადუსს არ აღემატებოდა, დღეს დილიდან კი, მას ტემპერატურა საერთოდ აღარ აქვს.

პაციენტებს, რომლებიც ჩინეთიდან ბოლო 14 დღის განმავლობაში ჩამოვიდნენ, საინკუბაციო პერიოდი ჯერ არ გასვლიათ. ამასთან თუ მათ დაეწყებათ ტემპერატურის მატება და რესპირაციული სინდრომი, სწორედ ასეთი პაციენტები განიხილებიან შესაძლო შემთხვევებად და მათ კორონავირუსზე ტესტირება ანუ კვლევა ჩაუტარდებათ," - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის იდენტიფიცირება საქართველში უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი. ქვეყანაში ამ დროისათვის ჩინური ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები