გერმანიაში, 2022 წელს დაგეგმილ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის ამ კუთხით ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის ზრდას.
"ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაში. მეორეს მხრივ, ეს არის 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგული მხარდაჭერა. ამავდროულად, ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა 1 მილიარდიან სტრატეგიულ აუდიტორიაზე, რომლებიც არიან ტურისტული კომპანიები, ავიაკომპანიები, საინვესტიციო ჯგუფები და აშ. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ჩვენი კერძო სექტორის, ბიზნეის განვითარებისთვის,"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გამოფენის მასპინძლობა ქვეყნისთვის ძალიან საპატიო სტატუსია.
"საქართველომ მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი,- 2022 წელს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძლები ვიქნებით. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტურისტული ინდუსტრიის გამოფენა, 180-ზე მეტი მონაწილე ქვეყანა, ნახევარ მილიონზე მეტი მომსვლელი და ვიზიტორი და ძალიან მაღალი და საპატიო სტატუსია,"- განაცხადა ნათია თურნავამ.