ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
სააგენტოს „მილიონიანი ფონდი" საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება და, საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.
რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თემატიკა განსაზღვრულია. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ-ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.
"ჩვენი პრიორიტეტი არის რეგიონები, კონკრეტულად კი, რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ისე რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. კრიტერიუმები არის შემდეგი - მათ უნდა შემოიტანონ გრძელვადიანი, მდგრადი შედეგების მქონე პროექტები", - აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა.