სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას უზღუდავენ - ასე ეხმაურება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზეც საუბრობს, რა დროსაც საშვების მქონე პირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას მომავალში აქციის მონაწილეების გადაადგილების და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოს.
"აქციის მონაწილეებს, რომლებსაც საშვები ჰქონდათ დაშვებული პარლამენტში შესასვლელად, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობის და ხელმისაწვდომობის პრინციპს და არასწორ პრაქტიკას წარმოადგენს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გამართულ აქციას, ამ შემთხვევაში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლებმა სრულიად არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად შეუზღუდეს აქციის მონაწილეებს გადაადგილების თავისუფლება," - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.